მიტჩელის 43 ქულა - კლივლენდმა სერიაში სხვაობა შეამცირა
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში „კლივლენდმა“ „ინდიანა“ 22-ქულიანი სხვაობით, 126:104 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა - 1:2. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა თამამად აღნიშნავდა, რომ „კავალიერსის“ გამარჯვება დონოვან მიტჩელის ბრწყინვალე პერფომანსმა, ხოლო „პეისერსის“ მარცხი ტაირიზ ჰალიბერტონის სუსტმა თამაშმა განაპირობა. ეს უკანასკნელი იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენციაზე გამოსვლაზე უარი თქვა და კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იძულებული გახდა მისი ინტერვიუ გაეუქმებინა.
„კლივლენდის“ ლიდერმა დონოვან მიტჩელმა პარკეტზე გატარებულ 37 წუთში 43 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ცამეტიდან ხუთი სამქულიანი, თექვსმეტიდან ცხრა ორქულიანი და თოთხმეტიდან ათი საჯარიმო ჩააგდო. „ინდიანას“ რიგებში კი, 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ბენედიქტ მატურინი გახლდათ. რაც შეეხება „პეისერსის“ ლიდერს, 30 წუთის განმავლობაში ჰალიბერტონის ანგარიშზე 4 ქულა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა.
ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო, რიგით მეოთხე შეხვედრა ისევ „ინდიანას“ დარბაზში 12 მაისს, თბილისის დროით დილის 04:00 საათზე დაიწყება.