„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე
ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა. RMC Sport-ის პოდკასტში — l'After Foot-ში, რიოლომ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.
„არის ერთი საკითხი, რომელთან მიმართებითაც ლუის ენრიკე ისევ ოდნავ ჯიუტად იქცევა. საუბარი მაქვს ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა გარემარბად გამოყენებაზე — ეს არ ამართლებს. თუ ენრიკეს მართლა უნდა, თავისი ფეხბურთელის ტრანსფორმაცია მოახდინოს და საკუთარ თავში დარწმუნებულია, მაშინ ასე გააგრძელოს. ბრესტის, ლორიანის და მსგავსი გუნდების წინააღმდეგ შეუძლია, კვარა მარჯვნივ დააყენოს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ პრობლემებია.“
ცნობისთვის, „ბრესტთან“ მატჩში კვარაცხელიამ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, მარცხნივ კი ბრედლი ბარკოლა ასპარეზობდა. იმ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა ასისტი მიითვალა და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 20 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავს და „ლორიანს“ დაუპირისპირდება.