ევროპის თასი - ქუთაისი ბილბაოსთან დამარცხდა
საკალათბურთო გუნდმა „ქუთაისმა“ ფიბა-ს ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ესპანურ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 62:113 დამარცხდა.
ქუთაისელთა რიგებში შეხვედრაში საუკეთესო 14 ქულით ამერიკელი ტაირი ბოიკინი იყო, 10 ქულა ჰქონდა დეტრეკ ბრაუნინგს, ასევე 10 – ნიკოლოზ დარბაიძეს.
ესპანური გუნდის რიგებში კი გამორჩეული ჯასტინ იარკოვსკი გახლდათ 21 ქულით. 16 ქულა ჰქონდა ესპანეთის ნაკრების წევრობის კანდიდატს, ალეიშ ფონტს.
„ქუთაისსა“ და „ბილბაოსთან“ ერთად ევროპის თასის E ჯგუფში ბერძნული „პერისტერი“ და ჩეხური „ბრნოც“ თამაშობენ. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონს მოგება არ აქვს, მომდევნო მატჩს კი 4 ნოემბერს სტუმრად „ბრნოსთან“ ჩაატარებს.
ექვსი მატჩის შემდეგ ჯგუფიდან ტურნირის მეორე ეტაპზე პირველადგილოსანი გადის, ხოლო მეორე ადგილზე გასული სხვა ჯგუფებში მეორე საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებს გაეჯიბრება.