ორ-ორი საგოლე გადაცემა | ტაბატაძისა და გაგნიძის კარგი მატჩები ესპანეთის თასზე
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში იური ტაბატაძის „კადისი“ „მურსიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 76 წუთი გაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
„კადისმა“ ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა — ტაბატაძემ მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ როხერ მარტის გაატანინა. 69-ე წუთზე ტაბატაძე–მარტის დუეტმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა — 2:1. მესამე გოლი „კადისმა“ ტაბატაძის გასვლის შემდეგ გაიტანა.
ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ იმავე ეტაპზე „როდა“ გაანადგურა — 5:1. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 41-ე წუთზე ლუკას პასით სერხიო როდელასმა გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე გაგნიძის გადაცემა ხორხე პასკუალმა გამოიყენა.
ცნობისთვის, „გრანადა“ მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს, „კადისი“ კი 2 ნოემბერს „ანდორას“ დაუპირისპირდება.