ზურიკოს ბრწყინვალე გოლი | სენტ-ეტიენმა კონკურენტი გაანადგურა
ლიგა 2-ის მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა’’ შინ უშუალო კონკურენტი „პაუ’’ 6:0 გაანადგურა.
ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 5:0 იყო. 79-ე წუთზე ქართველმა გარემარბმა მეტოქის საჯარიმოში ოსტატურად იმოქმედა, მეტოქე ჩამოიშორა და უძლიერესი დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა.
89-ე წუთზე დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს, რის გამოც მეტოქის მცველმა წითელი ბარათი მიიღო.
ქართველმა გარემარბმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
12 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი’’ 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ტრუას’’ 4 ქულით ჩამორჩება. მე-13 ტურში, პირველ ნოემბერს „რედ სტარს’’ ესტუმრება. „რედ სტარის’’ აქტივშიც 23 ქულაა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო დავითაშვილის გუნდი მეორე ადგილზეა.