ბოდიში ყველას, ალონსოს გარდა - ვინისიუსი მწვრთნელზე ნაწყენია?
ვინისიუს ჟუნიორმა „ელ კლასიკოში“ თავისი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა შეცვლის დროს უკმაყოფილება აგრესიულად გამოხატა და მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს ხელი არ ჩამოართვა.
„დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო რეალის ყველა გულშემატკივარს კლასიკოში შეცვლის მომენტში ჩემი რეაქციისთვის. მე უკვე გავაკეთე ეს პირადად დღევანდელ ვარჯიშზე და მინდა კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში ჩემს თანაგუნდელებს, კლუბს და პრეზიდენტს. ზოგჯერ ვნება იმარჯვებს, მე ყოველთვის მინდა გამარჯვება და ჩემი გუნდის დახმარება.
ჩემი კონკურენტული სული იბადება იმ სიყვარულიდან, რომელსაც ვგრძნობ ამ კლუბის მიმართ და ყველაფრის მიმართ, რასაც ის განასახიერებს. გპირდებით, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ყოველ წამს რეალის საკეთილდღეოდ, როგორც ამას პირველივე დღიდან ვაკეთებდი“.
– დაწერა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
ვინიმ თავის პოსტში ყველა ახსენა, ყველას მოუბოდიშა, გარდა მწვრთნელისა. როგორც The Athletic-ი წერს, ბრაზილიელი ჩაბი ალონსოზე ნაწყენია.
როგორც წყარო წერს, ფეხბურთელის ახლო გარემოცვიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვინისიუსმა ალონსო თავის პოსტში განზრახ არ ახსენა.
ასევე ფეხბურთელის გარემოცვაში აღნიშნეს, რომ ბოლო დღეებში კლუბის მხარდაჭერას გრძნობდნენ.