სიტუაცია შეიცვალა - კრიშტიანუს დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა
რამდენიმე კვირის წინ უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ „ალ-ნასრთან“ 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ორი წლით გაახანგრძლივებდა და ამჟამინდელი პირობები, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 215 მილიონ დოლარს შეადგენს, ბოლომდე შენარჩუნდებოდა. თუმცა, ახლა ირკვევა, 40 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს კლუბის ხელმძღვანელებთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა, რითაც მათი სამომავლო თანამშრომლობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
კონფლიქტი სერიოზულად გააღვივა რონალდუს საქციელმა, რომელიც „ალ-ნასრი“ – „ალ იტიჰადის“ (2:3) მატჩის საბოლოო შედეგით იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ საფეხბურთო ფორმა არც გამოუცვლია, ისე წავიდა სახლში და გასახდელის გვერდით ჩავლის დროს, თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების მისამართით საყვედურებს ხმამაღლა გამოთქვამდა. ეს ყველაფერი ბუნებრივია კლუბის შეფებს არ მოეწონათ და ისინი ფიქრობენ, რომ გუნდის კაპიტნისთვის და ლიდერისთვის მსგავსი საქციელი შეუფერებელია.
აქედან გამომდინარე, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ამ ეტაპზე ყველანაირი მოლაპარაკებები შეჩერებულია, რის გამოც კიდევ უფრო რეალური ხდება კრიშტიანუს ევროპაში დაბრუნება. მითუმეტეს, რომ თავადაც აქვს ღიად გამოხატული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი, რომელსაც ივნისში ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.