უიმბლდონის კვალიფიკაცია - ბოლქვაძემ 1/4-ფინალში ლეპჩენკოს მოუგო
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 121-ე ადგილს იკავებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში 7:5 6:4 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ.
ბოლქვაძემ მე-11 გეიმში დიდებულად ითამაშა და ბრეიკი შეასრულა, შემდეგ სეტზე ჩააწოდა და მოიგო.
მეორე სეტი შედარებით განსხვავებული გამოდგა. მარიამმა აქტიურად დაიწყო და ლეპჩენკოს პირველივე ჩაწოდება მოიგო. მეოთხე გეიმში ვარვარამ ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
მარიამმა გარდატეხა მეცხრე გეიმში შეიტანა, როდესაც ბრეიკი საკმაოდ მარტივად შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და მოიგო.
ცნობისთვის, მარიამ ბოლქვაძე ამ მომენტისთვის WTA-ს რეიტინგში 198-ე ადგილს იკავებს. უიმბლდონის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ის რეიტინგის 178-ე ნომერს სელინ ნაეფს დაუპირისპირდება.