3 სეტში მოიგო | ბასილაშვილმა უიმბლდონის კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო. პირველ რაუნდში, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 569-ე ჩოგანს, პაბლო ლიამას რუისს დაუპირისპირდა და სამ სეტში იმარჯვა - 6:3, 4:6, 6:3.
პირველ პარტიაში, ბასილაშვილი საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომო იყო და მეტოქისთვის ბრეიკპოინტიც არ მიუცია. ნიკოლოზმა პირველი ბრეიკი 3:3-ზე შეასრულა, 5:3-ზე კი სეტპოინტი გამოიყენა და საწყისი პარტია 6:3 მოიგო.
მეორე სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო და ნიკამ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, თუმცა, მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. ლიამას რუისმა ზედიზედ ხუთ გეიმში იმარჯვა და მეორე პარტია 6:4 წაიღო.
მესამე სეტი ბასილაშვილის დომინაციით გაიხსნა და ქართველმა ჩოგანმა პირველი 5 გეიმიდან 4 მოიგო. 5:2-ზე, მეტოქის მოწოდებაზე, ნიკოლოზს სამი მატჩპოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა, თუმცა საკუთარ მოწოდებაზე შეცდომა აღარ დაუშვია და ბოლო სეტი 6:3 დახურა.
ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას ბასილაშვილი ჰონგ კონგის წარმომადგენლის, ჩაკ ლამ კოულმან ვონგის წინააღმდეგ გამართავს.