მეშვიდე შეხვედრა, ჰალიბერტონის ტრავმა და ჩემპიონი | ოკლაჰომამ ინდიანას მოუგო
NBA-ის 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონი „ოკლაჰომა სითი თანდერი“ გახდა. სუპერფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაში, „ოქეისი“ მასპინძელი იყო და „ინდიანა პეისერსი“ დამაჯერებლად დაამარცხა - 103:91.
მატჩის პირველ მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთითა და 55 წამით ადრე, მოხდა ის, რამაც თამაშის სცენარზე დიდი გავლენა მოახდინა. „ინდიანას“ ლიდერმა, ტაირიზ ჰალიბერტონმა ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰალიბერტონმა სერიოზული დაზიანება მიიღო და აქილევსის მყესი გაიწყვიტა.
„პეისერსმა“ ბოლომდე იბრძოლა და მესამე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, დარჩენილ დროში, „ოკლაჰომა“ შეუდარებელი იყო. „თანდერს“ შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელიც სუპერფინალური სერიის MVP გახდა. გილჯეს-ალექსანდერმა ლეგენდარული კალათბურთელების მიღწევა გაიმეორა და მაიკლ ჯორდანის, ლებრონ ჯეიმსის, ლარი ბერდის, ტიმ დანკანის, შაკილ ონილის, ჰაკიმ ოლაჯუვონის, მეჯიქ ჯონსონის, მოუზეს მელოუნის, კარიმ აბდულ-ჯაბარისა და ვილის რიდის შემდეგ პირველია, ვინც ერთ სეზონში რეგულარულისა და სუპერფინალური სერიის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა.
„ოკლაჰომამ“ ლარი ობრაიენის სახელობის თასი პირველად აღმართა. ის, რაც არ გამოუვიდა კევინ დურანტს, რასელ უესტბრუკსა და ჯეიმს ჰარდენს, შეძლო გილჯეს-ალექსანდერის, ჩეტ ჰოლმგრენის, ჯეილენ უილიამსისა და ლუ დორტის „თანდერმა“. გუნდმა, რომლის საშუალო ასაკიც 25.6 წელია და მეორე ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. „ოკეისის“ დიდი მომავალი აქვს და მისი შეჩერება მარტივი არავისთვის იქნება.