ნომერი შეიცვალა და სახლიდან ვერ გამოდის - გარსიას ესპანიოლის ფანები ემუქრებიან
„ესპანიოლიდან“ „ბარსელონაში“ და პირიქით ფეხბურთელების ტრანსფერები დიდი იშვიათობაა, თუმცა თუ მაინც ხდება ასეთი შემთხვევა, თან საკმაოდ სერიოზული სკანდალები ახლავს. გამონაკლისი არც ჟოან გარსიას ტრანსფერი ყოფილა, რომლის სანაცვლოდაც „ბლაუგრანამ“ თანაქალაქელებს 25 მილიონ ევრო გადაუხადა და კონტრაქტი 2031 წლამდე გაუფორმა.
როგორც ირკვევა, 25 წლის მეკარეს ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირად უჯდება - უკანასკნელი დღეების მანძილზე მან და მისმა ოჯახის წევრებმა სავარაუდოდ „ესპანიოლის“ გულშემატკივრებისგან ანონიმური ზარები და წერილები მიიღეს, სადაც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ყოველივე ამის გამო, ჟოანი სახლიდან პრაქტიკულად არ გამოდის, მობილურის ნომერი შეიცვალა და უსაფრთხოების მიზნით, გუშინ, თავისი მეგობრის დაბადების დღეზე წასვლისგანაც თავი შეიკავა. კლუბის წარმომადგენლებმა უკვე შესთავაზეს პირადი მცველების დაქირავება, თუმცა გარსია ჯერჯერობით ამ ყველაფერზე უარს ამბობს.
ცნობისათვის, ჟოან გარსია „ესპანიოლის“ აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის მთავარ გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობდა. გარდა ამისა, მას ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს.