გაცილებით მეტი შეუძლია | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა
„სარაევოს’’ ქართველი კაპიტანი გიორგი გულიაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, ბოლო ორ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა და შესაძლოა უახლოეს მატჩებში სასტარტო 11-ეულშიც ვიხილოთ. ამ კითხვით „სარაევოს’’ მთავარ მწვრთნელს, ზორან ზეკიჩს გუშინდელი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მიმართეს.
კითხვა: სეზონის დასრულებამდე გიორგი გულიაშვილი შეძლებს თამაშის პირველი წუთიდან დაწყებას?
ზორან ზეკიჩი: „იმედი მაქვს ასე იქნება, პირველივე წუთიდან ითამაშებს. ვიცნობ მას, გაცილებით მეტი შეუძლია. მის თამაშში რიტმის ნაკლებობა იგრძნობა''.
გუშინდელ მატჩში, ჩემპიონატის შეხვედრაში გულიაშვილს ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა (იხილეთ ვიდეო).
„სარაევოს’’ სეზონის დასრულებამდე 4 მატჩი დარჩა. 14 მაისს, ბოსნიის თასის ფინალის საპასუხო მატჩში „სარაევო’’ „შიროკი ბრიეგს’’ ესტუმრება. პირველი მატჩი „სარაევომ’’ 4:0 მოიგო, თასის მოგებასთან ახლოსაა.
ივნისში საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს. დიდი ალბათობით ვილი სანიოლი გულიაშვილს გამოიძახებს. მნიშვნელოვანია ქართველი შემტევი სანაკრებო შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს.
გულიაშვილმა ტრავმის გამო ბოსნიის ჩემპიონატის 6 და თასის 1 მატჩი გამოტოვა. ტრავმამდე ძალიან შედეგიანი იყო. ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბოსნიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდერობდა, თუმცა ტრავმით გამოწვეული უთამაშებლობის გამო კონკურენტმა 2 გოლით გაასწრო. „სარაევოს'' ჩემპიონატის დასრულებამდე 3 მატჩი რჩება და შესაძლოა გულიაშვილმა 2-გოლიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას.