„არაკომფორტული მეტოქე“ | რას წერს Marca საქართველოს ნაკრებზე
ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ბოსნია და ჰერცეგოვინა არიან. Marca-მ თითოეულ ნაკრებზე დეტალურად დაწერა და განაცხადა, რომ საქართველო ნებისმიერისთვის არაკომფორტული მეტოქეა.
„ჯგუფში, რომელშიც საბერძნეთმა, ესპანეთმა და იტალიამ ტოპ სამი ადგილი უნდა დაიკავონ, საქართველო არაკომფორტულ მეტოქედ იქცა. საქართველოს ნაკრები ვეტერანი გუნდია, თუმცა ჰყავს კალათბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ თამაშში შეუძლიათ, მოწინააღმდეგეს სერიოზულ პრობლემად მოევლინონ.
ესპანეთთან და იტალიასთან თორნიკე შენგელიას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შესაძლოა, ტურნირის სტარტზე საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი არ ჰყავდეს, თუმცა შენგელიას გარდა, ჯიკიჩის გუნდში გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი თამაშობენ. ეს საკმარისი მიზეზია, რომ საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას აჯობოს და ჯგუფიდან გავიდეს,“ - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი დღეს გაიხსნება, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს კი 28 აგვისტოს, თბილისის დროით, 16:00-დან ვიხილავთ.