კარგი ამბავი | ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა. 24 წლის გარემარბმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა „ანჟერთან“ გამართა და 1:0 მოიგო, კუნთის პრობლემების გამო გამოტოვა.
კვარაცხელიამ გასულ ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და კლუბის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, არ გაერისკა. ქართველი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა.
Back at the PSG Campus! ????⚽️ pic.twitter.com/LpS4VJz7MK
— Paris Saint-Germain (@PSG_English) August 26, 2025
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგო და 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 აგვისტოს ელის. თბილისის დროით, 23:05-ზე პსჟ სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე ორიდან ორი მოგება აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ტულუზასთან“ მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზა მოდის და საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა ელის. 4 სექტემბერს, „ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან, 7-ში კი ბულგარეთს ეთამაშებიან.