პეტრიაშვილის მორიგი ოქრო - ამომავალი ვარსკვლავი ტაჰამ შეაქო
17-წლამდელთა შეჯიბრების შემდეგ, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ტურნირი უკვე 20-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა არაჩვეულებრივად იასპარეზა და გამოსვლა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რის შედეგადაც საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე პოზიცია დაიკავა.
საუკეთესო შედეგი 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში საბა კობახიძემ და კონსტანტინე პეტრიაშვილმა აჩვენეს, რომლებიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ლუკა ვანიშვილსა (70 კგ) და დაჩი პაპინაშვილს (86 კგ) და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდნენ, ხოლო ნიკოლოზ ზანგალაძემ (57 კგ), დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისა და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმაა და ის გასულ წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამ ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.
ანტალიაში გამართული ტურნირისა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შემდეგ, უმცროსი-პეტრიაშვილი გენოს კარიერაში ყველაზე ძლიერმა და პრინციპულმა მეტოქემ, თურქმა ტაჰა აკგულმა შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინეც ძმის მსგავსად, ლეგენდარული მოჭიდავე გახდება.