პროტესტი არაუხოს მიმართ - ფეხბურთელების თხოვნა ფლიკს
ბუნებრივია თითოეულ მარცხს ნებისმიერ გუნდში გარკვეული უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება და მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე „ბარსელონასთან“ მიმართებაში. კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორიოდე წუთი აშორებდა, თუმცა 87-ე წუთზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, რაშიც მედია პირველ რიგში რონალდ არაუხოს ადანაშაულებდა, მაგრამ როგორც ჩანს ფრანჩესკო აჩერბის გოლში ურუგვაელის ბრალეულობას არამხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მისი თანაგუნდელებიც ხედავენ.
ავტორიტეტული გამოცემა El Nacional-ის ცნობით, „ბლაუგრანას“ მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს კლუბის რამდენიმე ლიდერი ესაუბრა და სთხოვეს, რომ კვირას გასამართ „ელ კლასიკოში“ არაუხოს ძირითად შემადგენლობაში დაყენებისგან თავი შეეკავებინა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელი მცველის ასპარეზობით მისი თითოეული თანაგუნდელი იმედგაცრუებულია. თანაც, საქმე იმაშია, რომ მსგავსი რამ პირველად არ ხდება - არაუხომ „ბარსა“ შარშანდელ სეზონშიც დააღალატა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის დასაწყისშივე გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი კატალონიელები ტურნირს გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ 4 ქულით უსწრებს. ხვალინდელი „ელ კლასიკო“ კი, თბილისის დროით, 18:15 წუთზე დაიწყება.