უდიდესი წარმატება - ქართველ ალპინისტებს „ოქროს წერაყინი“ გადაეცემათ
ქართველ მთასვლელებს, ბაქარ გელაშვილს, არჩილ ბადრიაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს მსოფლიო ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - „ოქროს წერაყინი“ გადაეცემათ.
ქართველმა ალპინისტებმა ჯილდო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს მწვერვალზე, სარაგარზე ასვლის გამო დაიმსახურეს, რომელიც პაკისტანში მდებარეობს. საგულისხმოა, რომ აქამდე აღნიშნული მწვერვალი არავის დაულაშქრავს.
„ოქროს წერაყინის“ პრიზს 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი „მონტანი“ გადასცემს. ნომინანტებს ალპინისტური სეზონის შედეგების მიხედვით არჩევენ, შემდეგ კი კანდიდატებს სპეციალური ჟიური განიხილავს. „ოქროს წერაყინს“ აპლინიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, ზღვის დონიდან ქვეყნის ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქ ბრიასონში გაიმართება.