„ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა“ | ტრენტი რეალის ფეხბურთელია
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია - ახალწვეულის პრეზენტაცია „სამეფო კლუბის“ საწვრთნელ კომპლექსში გაიმართა.
ინგლისელმა განაპირა მცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და „რეალთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი „რეალში“ 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მანამდე ამ ნომრით მარსელო და ედუარდო კამავინგა თამაშობდნენ. გასულ სეზონში კი 12 ნომერი ვაკანტური იყო. ასევე ცნობილია, როდის შედგება ტრენტის დებიუტი მადრიდულ კლუბში - ეს იქნება მატჩი „ალ ჰილალის“ წინააღმდეგ, რომელიც 18 ივნისს გაიმართება.
ალექსანდერ-არნოლდი:
„მადლობა ფლორენტინო პერესს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველოდები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაშს. მსურს, რაც შეიძლება მალე ვაჩვენო „რეალის“ გულშემატკივრებს ჩემი უნარები. ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაა „რეალის“ ფეხბურთელობა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო და ბევრი ტიტული მოვიგო“.
???? #WelcomeTrent ???? pic.twitter.com/wsspXyM1q7
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 12, 2025
შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია, 2016 წლიდან კი „წითლების“ პირველი გუნდის წევრი იყო და მერსისაიდულ კლუბთან ერთად ორჯერ პრემიერლიგა, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო.
გასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ტრენტი „ლივერპულთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მშობლიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მადრიდულ კლუბში გადასვლა ტრენტს ამ წლის იანვარშიც შეეძლო, თუმცა „წითლებმა“ მისი გაშვება არ მოისურვეს. საბოლოო ჯამში, მადრიდულმა კლუბმა „ლივერპულს“ დაახლოებით 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა ტრენტი მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზე „რეალის“ ღირსება დაიცვას.