იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

მესამე ანტეტოკუნმპოც გამოიძახეს | ევრობასკეტზე თანასისიც ითამაშებს

საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში თანასის ანტეტოკუნმპო გამოიძახეს. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით Basketnews-ი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, 33 წლის კალათბურთელმა 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი, ნეოკლის ავდალასი შეცვალა. ამგვარად, საბერძნეთის ნაკრებში, რომელიც ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდა, ანტეტოკუნმპოების ოჯახის მესამე წარმომადგენელიც იქნება - მანამდე გაფართოებულ შემადგენლობაში „მილუოკი ბაქსის“ ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო და „ოლიმპიაკოსის“ კალათბურთელი კოსტას ანტეტოკუნმპოც დასახელდნენ.

ცნობისთვის, 33 წლის თანასის ანტეტოკუნმპოს 2024 წლის მაისის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა. თანასისმა 2024-2025 წლების მთელი სეზონი გამოტოვა და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. თანასისმა პარიზის ოლიმპიადაც გამოტოვა, ხოლო ნაკრებში მისი ბოლო მატჩი 2023 წლით თარიღდება - მაშინ მისმა მონაგარმა საშუალოდ 3,8 ქულა და 3 მოხსნა შეადგინა.

აქვე გეტყვით, რომ იანისის მსგავსად, თანასის ანტეტოკუნმპოც „ბაქსში“ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი იყო.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრების გარდა, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე კვიპროსის, ესპანეთის, იტალიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე კონტინენტის ოთხ ქვეყანაში - კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება. „ჯვაროსნები“ მატჩებს კვიპროსში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვემბანიამას და გობერის გარეშე - საფრანგეთის განაცხადი ევრობასკეტისთვის
ვემბანიამას და გობერის გარეშე - საფრანგეთის განაცხადი ევრობასკეტისთვის