„კატასტროფული დაცვის მთავარი გმირი“ - იტალიურმა მედიამ გოგლიჩიძე გააკრიტიკა
გუშინ, სერია A-ს მე-10 ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, გოგლიჩიძეს წარუმატებელი მატჩი ჰქონდა.
მე-5 და 90-ე წუთებზე საბას მხრიდან წესების დარღვევის გამო ორი პენალტი დაინიშნა, რომელიც ორივე შემთხვევაში „იუვენტუსმა“ ზუსტად შეასრულა და ამან საბოლოო შედეგზეც მოახდინა გავლენა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ საბა გოგლიჩიძის თამაში შეაფასა, რომელიც ძირითადად კრიტიკით შემოიფარგლებოდა.
რას წერენ მედიაში:
Eurosport.it – 4 ქულა: ორჯერ დაჯარიმდა, რასაც პენალტები მოჰყვა და ამის გარდა, მუდმივად დაბნეული ჩანდა. „ემპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი კატასტროფული დაცვითი თამაშის მთავარი გმირი იყო.
Udinetoday – 4 ქულა: ქართველი მცველისთვის კატასტროფული თამაში იყო, რომელსაც აშკარად ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა გაშვებულ გოლზე. მთელი მატჩის განმავლობაში დაბნეული იყო და თამაშის დალაგების დროსაც უამრავ შეცდომას უშვებდა.
Tuttomercatoweb – 4 ქულა: თამაში პირველივე წუთებიდან უჭირდა და უარყოფითი შედეგის მთავარი გმირი გახდა. მატჩის დაწყებიდან მალევე პენალტი აიკიდა, რამაც ვლაჰოვიჩს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. შეხვედრის მიწურულს კი იგივე ილდიზთან უხერხული ბლოკით გაიმეორა, რასაც კიდევ ერთი პენალტი და მისი გუნდის კარში მესამე გოლი მოჰყვა.
Sport.Virgilio.it – 4.5 ქულა: ვლაჰოვიჩის პენალტის ეპიზოდში გულუბრყვილოდ ითამაშა და ამის გარდა, კიდევ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მათ შორის პოზიციის სწორად შერჩევაში. მეორე ტაიმის დებიუტში შეცდომების გამოსწორება და გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სიზუსტე დააკლდა, თამაშის მიწურულს კი კიდევ ერთი შეცდომის გამო მეორე პენალტი დაინიშნა.
საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეს“ შემადგენლობაში მე-6 მატჩი ჩაატარა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში უდინურმა კლუბმა 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და გუშინ პირველად დამარცხდა.
10 ტურის შემდეგ „უდინეზე“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ გამართავს.