„უმარი ჯერ 5-რაუნდიან ბრძოლებს უნდა შეეჩვიოს“ - მასვიდალის პროგნოზი მერაბი-უმარის ბრძოლაზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და ქართველს „მანქანა“ უწოდა, ამასთან განაცხადა, რომ ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია.
რას ამბობს მასვიდალი:
„მინდა, რომ უმარმა კვლავ იბრძოლოს ქამრისთვის, მაგრამ ამავდროულად, თუ ის მეორე სატიტულო ჩხუბსაც წააგებს, ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მალე ვეღარ მიიღებს. დღესდღეობით, მერაბი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია, რის გამოც უმარმა სწორად უნდა შეაფასოს თავისი შანსები. უნდა დაიცადოს, ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, ძალები აღიდგინოს და ისე იჩხუბოს.“
„მიეცით შესაძლებლობა, რომ გამოცდილება დააგროვოს და ხუთრაუნდიან ბრძოლებს შეეჩვიოს. მისთვის ბაუტისტასთან ჩხუბი მარტივი არ იყო, სამ რაუნდს გაგრძელდა და ყველამ ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა. არავინ იცის, რა მოხდება, თუ უმარს მერაბთან ერთად გალიაში კიდევ მოუწევს ხუთი რაუნდის გატარება.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უმარ ნურმაგომედოვმა აბუ-დაბიში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე მაურო ბაუტისტას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, რის შემდეგაც საჩემპიონო ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.
თავის მხრივ, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ქამარს 9 დეკემბერს, პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს. MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ მერაბსა და იანს შორის გამარჯვებული ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.