„სანიოლს პასუხი ამის შემდეგ მოვთხოვოთ“ - ჭიაბრიშვილის საინტერესო ანალიზი
გიორგი ჭიაბრიშვილი ნებისმიერი ჟურნალისტისთვის სასიამოვნო რესპოდენტია - თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია, რეალობისთვის თვალის გასწორება არასოდეს უჭირს და სიმართლის თქმასაც არ ერიდება. მასთან გასაუბრება როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თემებთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „დინამო ბათუმის“ დამრიგებელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
გიორგი ჭიაბრიშვილი
„დინამო ბათუმში“ ჯერჯერობით ისევ მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, რაც ყველაფერში აისახება. კლუბისთვის ასეთ ვითარებაში ყოფნა ძალიან ცუდია, რადგან არც ქალაქი და არც გულშემატკივარი ამ ყველაფერს არ იმსახურებს. ახალგაზრდები თავისი ენთუზიაზმით გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად მაქსიმუმს აკეთებენ და იმედია, ისინი მომავალში დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. მათთვის ცუდი მხოლოდ ის არის, რომ მთავარ გუნდში დებიუტი ასეთ ვითარებაში, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე მოუწიათ და სჯობდა სულ სხვა ფორმაციის „დინამო ბათუმში“ ბრძოლით მოეპოვებინათ ადგილი.
მნიშვნელობა არ აქვს რამდენი თვის დავალიანება არსებობს - ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ როგორც ფინანსური, ასევე სპორტული კუთხით დაულაგებელი სიტუაციაა. პატარა პრობლემაზეც კი ნებისმიერ ფეხბურთელს თამაშზე სრულად კონცენტრაცია უჭირს და როდესაც პრობლემათა ამხელა ჯაჭვი გვაქვს სახეზე, ბუნებრივია მათი მოტივირება იოლი არ იქნება. რაც შეეხება მოთამაშეებს, მათზე ცუდს ვერავინ მათქმევინებს და ერთ წამს არ მიფიქრია, რომ რომელიმე მათგანი თავს ზოგავს, ან ბოლომდე არ იხარჯება.
ხვალ „იბერიასთან“ საქართველოს თასის ნახევარფინალი გვიწევს, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მატჩია და არა ფინალის ტოლფასი, რადგან უკვე ერთი წელია ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია. „დინამო ბათუმი“ ამჟამად ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მიზნად თასის ფინალში გასვლას, ან მის მოგებას ისახავდეს. ჩვენი მთავარი საზრუნავია გადათამაშებაში არ მოვხვდეთ და Crystalbet ეროვნულ ლიგაში ადგილი ყოველგვარი გადათამაშების გარეშე შევინარჩუნოთ. რაც შეეხება „იბერიასთან“ შეხვედრას, ერთ მატჩში წარმატების მიღწევა შეიძლება, მთავარია როგორ განვეწყობით და რამდენად გვეყოფა ძალები.
რაც შეეხება ვილი სანიოლთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ფეხბურთი რატომღაც ასე დაიყო - ნაკრები და ეროვნული ჩემპიონატი, ამიტომ ნაკრები ვისაც ეხება, იმას ჰკითხეთ. ყველაფერი ტაბლოზე იწერება და სანიოლს შედეგიც აქვს. თუ ვინმე თვლის რომ არ აქვს, ეგ უკვე სხვა თემა და სხვა სალაპარაკოა.
დღესდღეობით პრობლემას მხოლოდ სანიოლში ვერ ვხედავ - პრობლემაა შემადგენლობა და ხარისხიანი ფეხბურთელების რაოდენობა, რა დროსაც როგორც წესი ყველგან ნაკრებს შიდა ჩემპიონატი კვებავს. მოდით, ჯერ იმაზე ვიზრუნოთ, რომ ერთი ფეხბურთელის ტრავმის გამო არ ვჩერდებოდეთ, „მარჯვენაფეხიანების“ მარცხნივ დაყენება არ გვიწევდეს და არეულები არ ვიყოთ. ამ ყველაფერს როდესაც გამოვასწორებთ, მერე გამოჩნდება მთავარი მწვრთნელის პრობლემაა, ტაქტიკის, თუ განლაგების.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი „დინამო ბათუმი“ ხვალ, საქართველოს თასის ნახევარფინალში მის ყოფილ გუნდს, „იბერიას“ დაუპირისპირდება. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დარჩენილ ექვს ტურში კი იმავე „იბერიას“ (შინ), „ტორპედოს“ (სტუმრად), „დილას“ (შინ), „თელავს“ (სტუმრად), „სამგურალს“ (სტუმრად) და „კოლხეთს“ (შინ) შეხვდება.