გოგა გახოკიძე: „თურქეთს კვარას ნახევარი დონის ფეხბურთელიც არავინ ჰყავს“
ოქტომბერი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის იოლად გადასატანი თვე ნამდვილად არ იყო - ამის მიზეზი მარტივია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც უკვე ლამის წელიწადნახევარია ქომაგებს მაღალი დონისა და თავდადებული თამაშით ანებივრებდა, ჯერ ესპანელებთან (0:2), ხოლო შემდეგ თურქებთან (1:4) უშანსოდ წააგო და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
რით იყო განპირობებული „ჯვაროსნების“ ასეთი სუსტი ასპარეზობა და უნდა დატოვოს თუ არა ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით Crystalsport-ის მიერ დასმულ შეკითხვებს ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გოგა გახოკიძემ ასეთი პასუხები გასცა:
„ოქტომბრის თამაშებში ძველებური მონდომება და შემართება აღარ იგრძნობოდა, რასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისგან ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ და გამუდმებით ველოდებით. თანაც, სრული საბრძოლო შემადგენლობითაც ვიყავით, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთება არ ჩანდა. იმედია ამ ყველაფრის სათანადოდ გაანალიზება და შემდგომ გამოსწორება მოხდება.
თურქეთის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე რომ ჩვენზე კარგად გამოიყურება, ეს ფაქტია და ალბათ შემადგენლობითაც გვჯობს, მაგრამ რომ ავიღოთ ხვიჩა კვარაცხელია - დამიჯერეთ, მისი ნახევარი დონის მოთამაშეც კი თურქებს არ ჰყავთ. აქედან გამომდინარე, ვინჩენცო მონტელას კრებულმა გუნდურობისა და მონდომების ხარჯზე გვაჯობა და სერიოზულად მოგვიგო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თბილისში ყველაფრის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დაგვაკლდა.
რაც შეეხება ვილი სანიოლს, არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით მის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე ხაზის გადასმა. ფრანგს უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესში. თუ ასე ცუდად გაგრძელდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვილის გადადგომა ლოგიკური იქნება, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი ნაჩქარევად მეჩვენება“.
შეგახსენებთ, რომ ოთხ ტურში დაგროვებული 3 ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე პოზიციაზეა და შესარჩევის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორე ადგილს, რომელიც პლეი ოფის საგზურს იძლევა, ექვსი ქულით ჩამორჩება.