კობა ჟორჟიკაშვილი
Aa
Aa

„პრობლემა მხოლოდ სანიოლი არ არის“ - ჟორჟიკაშვილი ფეხბურთელების დეფიციტზე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ოქტომბრის მატჩებიდან უკვე თითქმის ორი კვირა გავიდა, თუმცა გულშემატკივრებში სანაკრებო თემა ჯერ კიდევ აქტუალურია. ესპანელებთან (0:2) და თურქებთან (1:4) განცდილი მარცხების შემდეგ, „ჯვაროსნებს“ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩათ, რის გამოც ქომაგების უმრავლესობა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის გადადგომას ითხოვს.

კობა ჟორჟიკაშვილი ფეხბურთის ღრმა ცოდნით გამორჩეული სპეციალისტია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია. Crystalsport-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სანიოლის წასვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა ფრანგი სპეციალისტის დაცვა არც უცდია და იმ შეცდომებსაც შეეხო, რომელიც ვილიმ მისი აზრით ოქტომბრის სანაკრებო თამაშების დროს დაუშვა.

რას ამბობს ჟორჟიკაშვილი

როგორც სანახაობრივი თვალსაზრისით, ასევე საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, ესპანეთთან და თურქეთთან გამართული მატჩები ძალიან ცუდი იყო. ესპანეთის ნაკრები ძლიერია, მათთან თურქები და ბულგარელებიც დამარცხდნენ, მაგრამ კარშიც დაურტყეს და კუთხურებიც მოუწოდეს. „ფურია როხასთან“ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფარული მიზანი დაისახა, რომ მაქსიმალურად შეეცადა ბურთი არ გაეშვა და კონტრშეტევებით ესარგებლა, მაგრამ როდესაც ანგარიში 0:2 გახდა, სანიოლი მიხვდა, რომ მიზანს სისრულეში ვერ მოიყვანდა და წამყვანი ფეხბურთელები შეცვალა.

რაც შეეხება თურქებთან შეხვედრას, პირველ რიგში ვიტყვი, რომ 5-მცველიანი ტაქტიკის შესაცვლელად სანიოლმა ძალიან ცუდი დრო შეარჩია, რადგან როდესაც ამ სქემას შენთვის წარმატება მოაქვს, მას ხელი არ უნდა ახლო. ოთხმცველიანი ტაქტიკის პირობებში, უკანა ხაზში მეტი სივრცეები გამოჩნდა, თანაც გოგლიჩიძესა და ლოჩოშვილს თუ არ ვცდები ერთად პირველად მოუწიათ თამაში და ამ ყველაფერმა მეტოქეს უპირატესობა მისცა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი გოჩოლეიშვილის მარცხენა ფლანგზე დაყენება - მსოფლიოში არავინ არ უცვლის განაპირა უკანა ხაზელებს პოზიციებს და ბუნებრივია, მასაც გაუჭირდებოდა, რადგან მემარჯვენეა და ხვიჩა კვარაცხელიას პასებს ვერ აძლევდა, რადგან სამუშაო ფეხი მარჯვენა აქვს. ყოველივე ამის ფონზე, გამიკვირდა, რატომ არ მოხდა ირაკლი აზაროვის, ან თუნდაც გიორგი წიტაიშვილის გამოყენება.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მინუსია ის, რომ მაღალი ინტენსივობისა და ზეწოლის ქვეშ თამაში უჭირს. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ თურქებთან 0:4-ის შემდეგ დაიწყეს ქართველებმა თამაში, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კი არ დაიწყო, თურქები გაჩერდნენ და ამის ხარჯზე გვქონდა ბურთის მეტი კონტროლი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი გოლი სტანდარტული სიტუაციიდან მივიღეთ, რაც ასევე დაუშვებელია. ზონური დაცვით ვიცავდით თავს. არსებობს შერეული დაცვა და არსებობს პერსონალური მეურვეობა და იქიდან გამომდინარე, რომ დემირალს თბილისშიც ჰქონდა ჩვენთვის ბურთი გატანილი, კუთხურების დროს მასზე პერსონალური მეურვეობის დაკისრება აუცილებელი იყო, ოღონდ არა ოთარ კიტეიშვილის მხრიდან.

დავემშვიდობოთ თუ არა ვილი სანიოლს? ჩემი აზრით აჯობებს, რომ დარჩეს. სანიოლი საქართველოს ნაკრებთან ერთად გაიზარდა და წინ წავიდა. არა მგონია პრობლემა მხოლოდ ფრანგ მწვრთნელში იყოს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვყავს ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და პიროვნული თვისებებით განვითარებული ბევრი მოთამაშე, რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობაა. მეტოქის მიერ შემოთავაზებულ პრესინგს თუ გინდა რომ თავი დააღწიო და კარგად ამოხვიდე, ყველა ამ კომპონენტში განვითარებული ფეხბურთელები უნდა გყავდეს.

ამ კომპონენტებით განვითარებული ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი წინა ხაზში  გვყავს და როგორცკი რომელიმე გვაკლდება, სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. ამის ნათელი მაგალითია გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა, რომლის სათამაშო ინტელექტზე საუბარი ზედმეტია და მისი ყოფნას ნაკრებისთვის ბევრი სარგებელი, უთამაშებლობას კი დიდი ზიანი მოაქვს.

განსაკუთრებით მტკივნეულია დაცვის ხაზი - კი, მოდიან ახალგაზრდები, იგივე საბა გოგლიჩიძე, მაგრამ მასაც სათამაშო პრაქტიკა აკლია, გამოცდილება არ აქვს. ასევე პრობლემაა ფლანგის მცველები და ყველა ეს საკითხი კვალს ტოვებს და საბოლოო შედეგებზე აისახება.

ცნობისათვის, საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მომავალ თვეში დაასრულებს. 15 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად ბულგარელებთან ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქეთზე ძლიერები ვართ, უბრალოდ ხანდახან ძლიერებიც მარცხდებიან“ - მამუჩაშვილი სანაკრებო ამბებზე
„თურქეთზე ძლიერები ვართ, უბრალოდ ხანდახან ძლიერებიც მარცხდებიან“ - მამუჩაშვილი სანაკრებო ამბებზე