ანჩელოტის პირველი გამარჯვება | ბრაზილიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთამერიკული კვალიფიკაციის მორიგ ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა ბრაზილიის ნაკრებმა პარაგვაის უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. „სელესაოს“ 3 ქულა ვინისიუს ჟუნიორის გოლმა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს ანჩელოტის თავკაცობით „პენტაკამპეონების“ პირველი გამარჯვება იყო.
16 მატჩის შემდეგ ბრაზილია 25 ქულით ეკვადორთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და არგენტინის ნაკრებს 10 ქულით ჩამორჩება. სამივე ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე გაინაღდა.
თავის მხრივ, არგენტინამ, რომელსაც ყველა სატურნირო ამოცანა უკვე შესრულებული აქვს, ბუენოს-აირესში კოლუმბიას უმასპინძლა. პირველ ტაიმში სტუმრები ლუის დიასის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ენცო ფერნანდესმა „ალბისელესტე“ რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, თუმცა მატჩის მიწურულს ლიონელ სკალონის გუნდმა ანგარიში მაინც გაათანაბრა - გოლი ტიაგო ალმადას ანგარიშზეა.
სატურნირო ცხრილი ამჟამად ასე გამოიყურება:
- არგენტინა 35 ქულა
- ეკვადორი 25 ქულა
- ბრაზილია 25 ქულა
- ურუგვაი 24 ქულა
- პარაგვაი 24 ქულა
- კოლუმბია 22 ქულა
- ვენესუელა 18 ქულა
- ბოლივია 17 ქულა
- პერუ 12 ქულა
- ჩილე 10 ქულა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რიცხვის გაზრდის შედეგად, სამხრეთ ამერიკიდან მუნდიალზე პირდაპირ ხვდება 6 გუნდი, ხოლო მეშვიდეადგილოსანი საგზურის მოპოვებას პლეიოფში შეეცდება. ამგვარად, ურუგვაისა და პარაგვაის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად სულ მცირე 1 ქულის მოპოვება, ან დარჩენილი ორი მატჩიდან რომელიმეში ვენესუელის მიერ ქულების დაკარგვა სჭირდებათ. ერთადერთი გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მათემატიკური შანსებიც კი დაკარგა, ჩილეა.