დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
„სენტ-ეტიენში“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი იცავს, ზაფხულში შემადგენლობის სერიოზული გადახალისება იგეგმება.
გამოცემა EVECT-ის ცნობით, ლიგა 2-ში დაქვეითებული გუნდი შესაძლოა 10-მდე ფეხბურთელმა, მათ შორის დავითაშვილმაც დატოვოს.
„მიკაელ ნადეს გადაბირებით „ბლექბერნია“ დაინტერესებული, სიტუაციას აკვირდება MLS-ში მოასპარეზე „ოსტინიც“. გუნდიდან წასვლა სურს დილან ბატუბინსიკას - კონგოს ნაკრების ფეხბურთელით „პანათინაიკოსია“ დაინტერესებული. დიდი ალბათობით, ჰაიფას „მაქაბიში“ გააგრძელებს კარიერას პიერ კორნუდი. გუნდი უკვე დატოვეს ანტუან გოტიემ და მატის საბანმა.
„მწვანეების“ მთავარი აქტივი ლუკა სტასენია. მას მსურველები ჰყავს როგორც საფრანგეთში (პარიზი, ლილი, მარსელი, რენი), ასევე ინგლისში (ვესტ ჰემი და ვულვერჰემპტონი). „სენტ-ეტიენს“ სტასენის სანაცვლოდ დაახლოებით 22 მილიონი ევროს მიღება სურს.
რაც შეეხება დავითაშვილს, მისი გადაბირებით „გალათასარაი“ და „სტრასბურგი“ ინტერესდებოდნენ. ამ გუნდების რიცხვს „რენიც“ დაემატა. „სენტ-ეტიენი“ ქართველს 10 მილიონ ევროზე იაფად არ შეელევა“.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ 1 წლის წინ, „ბორდოდან“ გადავიდა. „მწვანეებმა“ ქართველ ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადეს.
გასულ სეზონში ზურიკომ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.