პარატაეკვონდოისტების 4 მედალი - ანა ჯაფარიძის მორიგი ჩემპიონობა
ბრაზილიაში გამართული რიო დე-ჟანეიროს პრესტიჟული ღია ტურნირი ქართველი პარატაეკვონდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეჯიბრებაზე გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. საუკეთესო შედეგი ანა ჯაფარიძემ აჩვენა, რომელმაც თებერვალში თურქეთში მოგებული ღია პირველობის მსგავსად, ამჯერადაც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
გარდა იმისა, რომ ჯაფარიძე (-52 კგ) ჩემპიონი გახდა, ორგანიზატორებმა ის ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად აღიარეს. ანამ ყველა შეხვედრაში მაღალი ხარისხის ტაეკვონდო აჩვენა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა. ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ლია ჩაჩიბაისა (-47 კგ) და გიორგი ნიკოლაძეს (-70 კგ), რომლებიც ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ნატა ოჩიგავა (-57 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ცნობისათვის, ანა ჯაფარიძე პარიზის 2024 პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო და ტურნირზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.