ჭიღლაძის ტრიუმფი გორში - ქართული ჭიდაობის ზეიმი
ქართული ჭიდაობა ჩვენს ქვეყანაში როგორი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ყველამ კარგად იცის და აქედან გამომდინარე, გორის სპორტის სასახლეში გამართულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა რომ გულშემატკივრებს შორის სერიოზული ინტერესი გამოიწვია, ეს გასაკვირი არავისთვის ყოფილა. მითუმეტეს, რომ წლევანდელ პლანეტის პირველობაში ორგანიზატორებმა სიახლე შეიტანეს და აბსოლუტურის გარდა, შეჯიბრება 80 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც ჩაატარეს.
ტურნირში 25 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ფორმატის თანახმად, მინიმუმ მეორე ადგილი უცხოელებს გარანტირებული ჰქონდათ, რადგან ორივე წონაში ისინი და ქართველი ფალავნები ცალ-ცალკე ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ ჭიღლაძე გახდა, რომელმაც ფინალში უზბეკი სადოლბეკ აბდულრახმანოვი დაამარცხა. აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც ქართულ-უზბეკური დაპირისპირება ვიხილეთ, თუმცა ამჯერად გამარჯვებული შუა აზიელები გამოვიდნენ და შორდონ ბახტიაროვმა ოქროს მედლისთვის პაექრობაში თამაზ ბიგანაშვილს აჯობა. აქვე გეტყვით, რომ დაბალ წონაში ბრინჯაოს პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი გახდა, ხოლო აბსოლუტურში მესამე ადგილისთვის შეხვედრა გელა ზაალიშვილმა ტაჯიკ ნაზიმ ნაზრიევთან დათმო.
ცნობისათვის, 80 კილოგრამ წონითი კატეგორიის ჩემპიონმა პრიზის სახით 7 ათასი, ხოლო აბსოლუტური წონითი კატეგორიის გამარჯვებულმა 13 ათასი დოლარი მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს იუნესკომ ქართულ ჭიდაობას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად გასულ წელს ჩატარდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს