ფილმი პარალიმპიურ პრიზიორზე - ანა ჯაფარიძის გზა წარმატებამდე
საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში ცნობილი რეჟისორის, გოგი თორაძის ახალი მოკლემეტრაჟიანი, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ანას“ პრემიერა შედგა, რომელიც ქართველ პარატაეკვონდოისტს, ანა ჯაფარიძეს ეძღვნება. კინოჩვენებას თავად ჯაფარიძის გარდა, სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და მისი თანაგუნდელები ესწრებოდნენ.
ფილმში მოთხრობილია პატარა ანას ისტორია, რომელიც ბავშვობიდანვე ჯეკი ჩანის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და სწორედ ამიტომ საბრძოლო სახეობაში ვარჯიში აირჩია. 2024 წელს კი, როდესაც მან პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიგო, ის სწორედ ჩინელმა სუპერვარსკვლავმა დააჯილდოვა. ცნობისათვის, ანა ჯაფარიძე პარიზში საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო და პირველივე ცდაზე მედლის მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გოგი თორაძეს სპორტის სხვადასხვა სახეობის თემატიკაზე მრავალი ფილმი გადაუღია. მისი ნამუშევარი „ქართული ფეხბურთის ტრიო“ კი მილანში სპორტული ფილმების ფესტივალის ლაუარეატი გახდა.