რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

სვანაძე: აქ დიდხანს დარჩენას ვაპირებთ, არაფერს დავთმობთ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, პოლონეთთან მოგებული (2:1) პირველი ტურის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა.

„არ მეგულება გუნდში ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე რაიმეს დათმობს. იყო დღეს კარგი და ცუდი მომენტებიც. ფსიქოლოგიური უპირატესობაც იცვლებოდა. სწორედ ასეთ ეპიზოდებში გამოჩნდა ჩვენი ფსიქოლოგიური მზაობა.

ასეთ დონეზე არ არსებობს მცირე დეტალი, ნებისმიერი ნაბიჯი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი. მერწმუნეთ, შინაგანად ნებისმიერ ფეხბურთელს თუ არ აქვს მენტალურად ძლიერი თვისებები, და მთლიანად გუნდს - რა დავალებაც არ უნდა მისცე მათ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ხასიათის სიმტკიცე წინა პლანზე გამოდის, ამას კი წინასამატჩო სტრატეგია ემატება. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ.

რაც შეეხება მეტოქეს, რასაც ველოდით ის დაგვხვდა - სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე, ორთაბრძოლებში კარგი. ჩვენი მთავარი გეგმა რაც იყო, ამ ყველაფერმა იმუშავა. დაახლოებით 80%-ით გეგმა შევასრულეთ. ვთვლი, რომ მეტოქის მიერ გატანილი პენალტი მატჩის სცენარიდან გამომდინარე ალოგიკური იყო. გუნდმა ტაქტიკური ნაწილი ზედმიწევნით შეასრულა.

დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ უკვე მესამე წელია ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის მთავარ ეტაპზე მატჩის მოგება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. უახლოეს წარსულში ამას მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდით.

უსახელო გუნდი გვიწოდეს? ამ „უსახელო“ გუნდმა წინა ევროპის ჩემპიონატზე ორი გრანდი ჯგუფში ჩატოვა, ჯგუფიდან გავიდა, გუნდი რომელმაც პირველად ისტორიაში თავად გაიკვალა გზა და გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და იქ პირველი მატჩიც მოიგო. ვიცი, რომ წინ რთული მატჩები გვაქვს, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ეს დღეები დიდხანს უნდა გაგრძელდეს. ეს მთლიანად ქართულ ფეხბურთს და ახალ თაობებს სჭირდება“.

საქართველოს ნაკრებმა ლომინაძისა და გორდეზიანის გოლებით მოიგო. მატჩის გმირი ლუკა ხარატიშვილი გახდა, რომელმაც 97-ე წუთზე საოცარი ბურთი მოიგერია. მეორე ტურში რამაზ სვანაძის გუნდი საფრანგეთს (14 ივნისი) დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს პორტუგალიასთან ფრედ 0:0 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2025: ესპანეთისა და სლოვაკეთის 5-გოლიანი დრამა
ევრო 2025: ესპანეთისა და სლოვაკეთის 5-გოლიანი დრამა