„ბავშვობაში ყოველდღე 7-8 საათს ვვარჯიშობდი“ | შერმადინის ინტერვიუ El Mundo-ს
„ლაგუნა ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის, მისი გუნდი „ვალენსიასთან“ ნახევარფინალში ჯერჯერობით 0:1 მარცხდება.
ქართველმა კალათბურთელმა ცნობილ ესპანურ გამოცემა El Mundo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კარიერის ადრეულ წლებზე, „ტენერიფეში“ არსებულ ვითარებაზე და მარსელინიო უერტასთან ჩამოყალიბებულ პარტნიორობაზე ისაუბრა.
გიორგი შერმადინი:
„პირველად ისტორიაში „ლაგუნა ტენერიფე“ ფინალში შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ისტორიული შესაძლებლობაა. აქ 6 წელი გავატარე და მხოლოდ მეორედ ვთამაშობთ ნახევარფინალს. ამ სეზონში ძალიან კარგად ვთამაშობთ, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ორი შეცდომა დავუშვით, როცა ჯერ შინ „ვალენსიასთან“, შემდეგ კი მანრესაში დავმარცხდით.
„ვალენსია“ ძალიან კარგი გუნდია, მათი კონტრშეტევების შეჩერებაზე უნდა ვიზრუნოთ და ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს, სამქულიანების სასროლ პოზიციებზე გავიყვანოთ მარსელინიო და ფიტიპალდო.
ჩვენ ყველაზე ასაკოვანი გუნდი გვყავს, მაგრამ მთავარია, რომ მწვრთნელმა იცის, როგორ მართოს ეს შემადგენლობა და რამდენ ხანს უნდა ვივარჯიშოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დილაობით 4-4 საათი არ ვვარჯიშობთ. როგორც წესი, საათნახევრიანი ვარჯიში გვაქვს, მაგრამ მაღალი ინტენსივობით. ამის ხარჯზე უფრო დასვენებულები ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეექვსე წელია, რაც აქ ვარ, და ჯერ დღეში ორჯერ არ გვივარჯიშია. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ნაკლები უნდა ვივარჯიშოთ, მაგრამ უკეთესი ხარისხით.
მარსელინიოსთან ერთად თამაში საუკეთესო რამაა, რაც ჩემს კარიერაში მომხდარა. ის კარგი პიროვნება და კარგი კალათბურთელია, გუნდისთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ყოველ მატჩში მას 10-ზე მეტი ასისტი აქვს - ეს წარმოუდგენელია. 42 წლისაა და „ჟოვენტუტთან“ 39 ქულა ჩააგდო. თუ გვერდით კარგი გამთამაშებელი გყავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის კარგად კითხულობს თამაშს, იმედია, კიდევ არაერთი წელი ითამაშებს, მაგრამ ვიცი, რომ როდესაც კარიერას დაასრულებს, შესანიშნავი მწვრთნელი იქნება.
როგორ დაიწყო ჩემი კარიერა? თამაში გვიან დავიწყე. ჩემს ოჯახში ყველა მაღალია - მამაჩემი 2,06-ია, დედაჩემი 1,85 მ, ჩემი ძმა 2,08 მ, ჩემი და კი თითქმის 1,9 მ. ერთ ზაფხულს ძალიან სწრაფად გავიზარდე და 2,15 მეტრი გავხდი. სკოლაში ვთამაშობდი კალათბურთს, მაგრამ არა პროფესიონალურად. თბილისიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე ვცხოვრობდი, რაც პრობლემას წარმოადგენდა. როდესაც 2005 წელს თბილისის „მაქაბიში“ დავიწყე ვარჯიში, მამაჩემს ყოველ ჯერზე ჩემი მანქანით წაყვანა უწევდა როგორც ვარჯიშზე, ისე ვარჯიშიდან სახლში. რთული 3 წელიწადი იყო - მე და ჩემი ძმა ყოველდღე 7-8 საათს ვვარჯიშობდით. ჯერ ფიზმომზადება, შემდეგ ვარჯიში პარკეტზე, ინდივიდუალური ვარჯიში, შემდეგ მეორე გუნდთან ვარჯიში, საღამოს კი უკვე პირველ გუნდთან... რთული იყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამიფასდა.
„მაქაბიში“ ერთხელ 85 ქულა ჩავაგდე, ყველა მატჩში 50-60 ქულას ვაგდებდი. 2008 წელს ჟელკო ობრადოვიჩმა „პანათინაიკოსში“ წამიყვანა და დაიწყო ჩემი მოგზაურობა ევროპაში. ძალიან ბევრი გუნდი, მწვრთნელი და თანაგუნდელი გამოვიცვალე, ამიტომაც ვფიქრობ, რომ „ლაგუნა ტენერიფე“ ჩემი ბოლო გუნდი იქნება.
5 შვილი მყავს, ესპანეთში პირველივე სეზონიდან თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი უფროსი ქალიშვილი 14 წლისაა და აქ ფრენბურთს თამაშობს, სიმაღლეში უკვე 2 მეტრია. ჩემი ვაჟი „ტენერიფეში“ კალათბურთს თამაშობს, ასევე მყავს 7 წლის ტყუპი და წლინახევრის გოგონა. კლუბში ყველაფერი მომწონს, კარგად მიხდიან, ლამაზი სახლი გამომიყვეს. შესანიშნავი მწვრთნელი მყავს, რომელიც მენდობა და რომელსაც კარგად ვუგებ. მისი დახმარებით არაერთი ტიტული მოვიგე, ორჯერ გავხდი MVP. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ, შესაძლოა 2-3 სეზონი დამრჩა. არა მგონია, რომ როგორც მარსელინიომ 42 წლამდე ვითამაშო, მაგრამ შევეცდები“.