საგოლე გადაცემა სადებიუტო მატჩში | ქოჩორაშვილის სპორტინგის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
გიორგი ქოჩორაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის „სპორტინგი“ ლიგის ფაზის პირველ ტურში „ქაირათს“ დაუპირისპირდა. „ლომებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 4:1 მოიგეს.
ქოჩორაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. მეოთხე წუთზე გიორგიმ იუხეშა და მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. მე-17 წუთზე ქართველმა „ქაირათის“ კარისკენ დაარტყა, მაგრამ მისი მაკრატელა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
34-ე წუთზე 26 წლის ნახევარმცველმა ბურთი დაკარგა, რასაც ყაზახელთა შორეული დარტყმა მოჰყვა და ჟოაუ ვირჯინია საქმეში ჩაერთო. 39-ე წუთზე „ქოჩომ“ ჟორჟინიოს ყვითელი ბარათი მიაღებინა, 5 წუთში კი საგოლე გადაცემა მიითვალა. ქოჩორაშვილმა ქუსლით კარგი პასი გააკეთა და ტრინკაუმ „ქაირათის“ კარი შორეული დარტყმით აიღო.
ქოჩორაშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე ჰიდემასა მორიტა გამოჩნდა. Sofascore-მა მისი თამაში 6.5 ქულით შეაფასა, Whoscored-მაც - 6.5-ით. გიორგის გასვლის შემდეგ „სპორტინგმა“ სამი გოლი გაიტანა. 65-ე წუთზე ტრინკაომ დუბლი მიითვალა. ორ წუთში ალისონ სანტოსმა შეაგდო, ხოლო მალევე გეოვანი ქუენდა გამოირჩა. 86-ე წუთზე ედმილსონ სანტოსმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.
შეგახსენებთ, რომ „სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება და მატჩი პირველ ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.