„კვარას ინდივიდუალურობამ პსჟ-ს დომინირების საშუალება მისცა“ - ცნობილი მწვრთნელის შეფასება
გასულ საღამოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა 39-ე წუთზე ბრწყინვალე რეიდისა და შორეული გასროლის შემდეგ ანგარიში 2:0 გახადა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პარიზელთა რიგებში ნამდვილად გამორჩეული იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი 75-ე წუთზე შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატჩი ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა - „ბორდოს“, „სენტ-ეტიენის“, „ნანტისა“ და „მარსელის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ელი ბოპმა შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში გასული სეზონის პსჟ იხილა.
ბოპის სიტყვებს Le Parisien-ი ციტირებს:
„მატჩის დაწყებისთანავე გასული სეზონის პსჟ ვნახე. იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისგან განსხვავებით სამი მოთამაშე აკლდა, გუნდს იგივე იდეები და სულისკვეთება ჰქონდა. ეს გამოიხატებოდა პრესინგში, შეტევაში, დაცვაში - ყველა კომპონენტში. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ფიზიკურმა დატვირთვამ შედარებით იკლო, მაგრამ კვარაცხელიას ინდივიდუალურმა გოლმა პარიზს დომინირების უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა.“
„იტალიელები დაცვით ასპექტში ალბათ, ყველაზე ძლიერები არიან, მაგრამ პარიზმა ყველა გზა აღმოაჩინა, რომ ნებისმიერი გუნდის დაცვა მოშალოს. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ნუნუ მენდეშმა მოახდინა. მატჩის დაწყებისთანავე ბევრს დარბოდა და „ატალანტა“ ძალიან დააზარალა. ის ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომელიც ფულბექისთვის უჩვეულო მოძრაობებს აკეთებს, მიდის გოლის გასატანად და ა.შ. მან დიდი კვალი დატოვა ამ მატჩში.“
პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ მატჩით დაბრუნდება. მატჩი კატალონიაში, „მონჟუიკზე“ გაიმართება.