ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფინალი ნაპოლისთან? არ ვიცი. ბევრი ძლიერი გუნდია“ - ხვიჩას კომენტარი

გასულ საღამოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა 39-ე წუთზე ბრწყინვალე რეიდისა და შორეული გასროლის შემდეგ ანგარიში 2:0 გახადა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პარიზელთა რიგებში ნამდვილად გამორჩეული იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი 75-ე წუთზე შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი Sky Sports-ის მიკროფონთან გააკეთა და თავისი პერფორმანსი შეაფასა. ჟურნალისტმა კვარას „ნაპოლისთან“ პოტენციურ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ჰკითხა.

რაც თქვა ხვიჩამ:

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ლამაზი გოლი გამოვიდა. მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა ძალიან კარგად იმუშავა, ამიტომაც მზად ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თამაში შევძელი და გუნდს დავეხმარე.“

„შეძლებს თუ არა „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას წელსაც? ვფიქრობ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენს თამაშებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომ ვთამაშობთ და გვინდა ყველას კონკურენცია გავუწიოთ. ამიტომ, აუცილებლად ვეცდებით, ამის კიდევ ერთხელ გაკეთებას.“

ჟურნალისტი - „ფინალში ვისთან შეხვედრას ისურვებდით? შესაძლოა, „ნაპოლისთან“?“

კვარა - „არ ვიცი. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ძლიერი გუნდია, გამორჩეულები და ყველას წინააღმდეგ რთული იქნება. მაგრამ ერთიანი გუნდი ვართ, ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვეული თამაში ვაჩვენოთ. თუ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიქნებით, ვიცით, რომ გამარჯვების შანსი გვექნება.“

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პსჟ“-ის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ მატჩით დაბრუნდება. მატჩი კატალონიაში, „მონჟუიკზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი გოლი თავიდან უნდა ვნახო“ - კვარა ატალანტას დამარცხების შემდეგ
“ჩემი გოლი თავიდან უნდა ვნახო“ - კვარა ატალანტას დამარცხების შემდეგ