„სანახაობა, რომელიც სერია A-ს აკლია“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
გასულ საღამოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა 39-ე წუთზე ბრწყინვალე რეიდისა და შორეული გასროლის შემდეგ ანგარიში 2:0 გახადა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პარიზელთა რიგებში ნამდვილად გამორჩეული იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი 75-ე წუთზე შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელიას თამაში იტალიურმა მედიამაც შეაფასა და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
Eurosport.it – 7.5 ქულა: „ჯიმსიტი და ჰიენი თამაშგარეთ დატოვა და ბრწყინვალე დარტყმით კარნესეკის კარი აიღო, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ დაიწყო ჩვეული ცრუ მოძრაობების და საკვანძო გადაცემების გაკეთება. უდავოდ, „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.“
Tuttomercatoweb – 7 ქულა: „საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. აერთიანებდა კაშკაშა დრიბლინგსა და ფინიშს, რათა „ატალანტას“ დაცვა გაეწამებინა. მეორე გოლის ეპიზოდში, შეუჩერებელი სირბილით შევიდა ცენტრისკენ და მარჯვენა ფეხით, კუთხეში ძლიერი დარტყმით კარნესეკის შანსი არ დაუტოვა. მისი არაპროგნოზირებადობა და მოწინააღმდეგის დამარცხების უნარი პარიზელთა შეტევაში მომაკვდინებელ იარაღს ქმნის.“
Calciomercato – 7.5 ქულა: „მედიისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ ეს დანაკლისი დღევანდელ შეხვედრაში აანაზღაურა. კართან ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს და ქმნის სანახაობას, რომელიც სერია A-ს ძალიან აკლია.“
Sport.Virgilio.it – 8 ქულა: „საკუთარ მოედანზე სიტუაციას მართავდა და მეტოქის მცველებს მოსვენებას არ აძლევდა. კარი კვლავ იპოვა და ბრწყინვალე გოლით ანგარიში 2:0 გახადა.“
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს, „ბარსელონასთან“ მატჩით დაბრუნდება. მატჩი კატალონიაში, „მონჟუიკზე“ გაიმართება.