„ეს გენოციდია“ - თუ ისრაელი იქნება, ესპანეთი 2026-ის მუნდიალს ჩაეხსნება
ესპანეთის პარლამენტში არ გამორიცხავენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ, თუ მასში მონაწილეობას ისრაელიც მიიღებს.
ესპანეთის კონგრესის დეპუტატი, მმართველი ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი პაჩი ლოპესი აცხადებს, რომ შესაძლებელია ესპანეთის ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადოს მსოფლიო ჩემპიონატს, თუ ტურნირზე ისრაელიც ითამაშებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი 2026 წლის „ევროვიზიაზე“ მონაწილეობას არ მიიღებს, თუ კონკურსში ისრაელის წარმომადგენელი იქნება დაშვებული. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო RTVE-ის სამეთვალყურეო საბჭომ.
„ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებს და ამაზე რეაგირებაა საჭირო. ესპანური საზოგადოება, თავისი უმრავლესობით, ვერ შეეგუება იმას, რომ ყოველდღე ვხედავთ კადრებს, სადაც ბავშვები იღუპებიან, ადამიანები საკვების ძიებაში გზებზე გვხვდებიან. ვხედავთ ქალაქებს, რომლებიც ნადგურდება, რადგან ვიღაც მდიდარს სურს იქ კურორტის მოწყობა და კვირაობით კოქტეილების სმა. ვხედავთ მოსახლეობის განადგურებას. ეს არ არის თავდაცვის უფლება და არც ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს გენოციდია.
ისრაელის საზოგადოებამ უნდა დაინახოს და რეაგირება მოახდინოს, რომ დანარჩენი მსოფლიო მათი მთავრობის ქმედებებს ხედავს. გვინდა, ზოგიერთმა ადამიანმა თვალები გაახილოს: თუ ისრაელის გუნდებს არ დაუშვებენ სპორტულ ღონისძიებებში ან „ევროვიზიაზე“, ისინი მიხვდებიან რეალობას. ჩვენი ხალხი ვერ ეგუება იმას, რასაც ხედავს. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ ჩუმად ყოფნას,“
- ციტირებს ლოპესის სიტყვებს Marca.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ხელისუფლებას უფლება აქვს აკრძალოს ეროვნული გუნდების მონაწილეობა ნებისმიერ მსოფლიო სპორტულ ტურნირში იმ პროტოკოლის საფუძველზე, რომელსაც ყველა სპორტულმა ფედერაციამ მათი დაარსებისას მოაწერა ხელი. აღნიშნული პროტოკოლი ასახულია სამეფო დადგენილებაში და გამოქვეყნებულია სახელმწიფო ოფიციალურ ბიულეტენში 1982 წელს.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის ისრაელის ნაკრები I ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. მათ 5 მატჩში 9 ქულა აქვთ. ამდენივე აქვს იტალიას, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მეორე პოზიციაზე იმყოფება. ლიდერი კი 12 ქულით ნორვეგიაა.