პსჟ - ატალანტა | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში?
დღეს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრაში ქართველი შემტევის თამაში კვლავ საეჭვოა. ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ლანსის“ წინააღმდეგ ხვიჩამ მატჩის დებიუტში ტრავმა მიიღო, რის გამოც 30-ე წუთზე შეცვალეს. კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა, გუშინდელ ვარჯიშზე კი სრული დატვირთვით არ უვარჯიშია.
გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ლუის ენრიკეს ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ჰკითხეს. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ხვიჩას თამაშის შესახებ გადაწყვეტილებას შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს, რაც მის მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული.
რამდენიმე ფრანგულმა გამოცემამ დღევანდელი მატჩის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია არც ერთი სააგენტოს ვერსიით არ არის მოიაზრებადი სასტარტო შემადგენლობაში.
Le Parisien: შევალიე, მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი, ნევეში, რუისი, ვიტინია, ბარკოლა, ლი, რამუში.
L’Equipe: შევალიე, მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი, რუისი, ვიტინია, ნევეში, ბარკოლა, რამუში, მბაიე.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებენ, ის სამატჩო განაცხადში მაინც შეიყვანეს და ვარაუდობენ, რომ ქართველი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატალანტას“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.