ბექჰემს აჯობა - კეინის მორიგი რეკორდი
ჰარი კეინი „ტოტენჰემის“ მსგავსად, „ბაიერნშიც“ ძველებური შედეგიანობით განაგრძობს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას და სხვადასხვა რეკორდებს ლამის ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ ხსნის. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც „ბაიერნმა“ ჯგუფური ფაზის I ტურში „ჩელსის“ აჯობა, ხოლო 32 წლის ინგლისელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა.
„არისტოკრატების“ კარში გატანილი გოლების შემდეგ, კეინმა საგოლე მოქმედებების რაოდენობით ინგლისელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და დევიდ ბექჰემის რეკორდი გააუმჯობესა. ჰარის ანგარიშზე ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე უკვე 53 საგოლე მოქმედებაა (42 გოლი, 11 საგოლე პასი) და ასეთი შედეგისთვის მას მხოლოდ 58 მატჩის ჩატარება დასჭირდა. მაშინ, როდესაც „ბექზიმ“ ანალოგიური მაჩვენებლისთვის „მანჩესტერ იუნაიტედში“, „რეალში“, „მილანსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ 107 თამაში ჩაატარა.
„ჩელსისთან“ (3:1) თამაშის დასრულების შემდეგ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ აღნიშნა, რომ როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ მოძრაობისას, ჰარი კეინი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია და მის დონეზე მისასვლელად ნებისმიერს უდიდესი შრომა დასჭირდება.