„ყველგან შეუძლია იბრწყინოს“ - L'Equipe კვარას აქებს
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა პსჟ-ატალანტას მატჩის შემდეგ პარიზელთა ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გამოცემის ჟურნალისტების, ჟოზე ბაროზოსა და უგო დელომის აზრით, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამოსულმა ხვიჩამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, ყველა პოზიციაზე იბრწყინოს და ამას ლუის ენრიკე აუცილებლად დააფასებს.
რას წერს გამოცემა:
„მატჩის პირველ 20 წუთში ჩვენ დავინახეთ კვარას კრეატიულობა, რომელიც შეტევების წამოყებას ცდილობდა. ასეთი იყო იდეალური პასი აშრაფ ჰაკიმიზე (მე-8 წუთი), პასი ფაბიან რუისზე (მე-10 წუთი) და გრძელი პასი ბრედლი ბარკოლაზე, რომლის გოლიც თამაშგარის გამო გაუქმდა (22-ე წუთი).
შესვენების წინ, როდესაც მატჩის ტემპი დაეცა, კვარამ გოლიც გაიტანა, რათა ანგარიში უფრო მეტად ასახავდეს ძალების თანაფარდობას. ხვიჩამ ბურთი მეტოქის კარისგან 40 მეტრში მიიღო და ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქართველის მე-9 გოლმა (პირველი მიმდინარე სეზონში) დაადასტურა, რომ შესაძლოა, ის არ არის ბომბარდირი, მაგრამ ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შემტევი.
მენდეშის გოლის შემდეგ პსჟ მატჩის კონტროლზე გადავიდა, კვარამ კი თავისი საუკეთესო თვისებები აჩვენა. ის რეგულარულად იბრძოდა ბურთვისთვის და ეხმარებოდა დაცვას.
სეზონის სტარტის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ასეთია: კვარამ ისევ ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად მარცხენა გარემარბია (ბარკოლას მსგავსად), მაგრამ ქართველმა აჩვენა, რომ შეუძლია, იბრწყინოს ყველგან და ყველა გარემოებაში. ლუის ენრიკე ამას აუცილებლად დააფასებს“.