ალენ აივერსონი
Aa
Aa

ლიგას სძულდა, თუმცა MVP მაინც გახდა - აივერსონის დიდებული სეზონი

ალენ აივერსონი ლეგენდარული ფიგურაა არა მხოლოდ NBA-ისთვის, არამედ 2000-იანი წლების მთელი ამერიკული საზოგადოებისთვისაც. მეტიც - ბევრის აზრით, ამერიკულ კულტურაზე მისი გავლენა სპორტულ მიღწევებს აღემატებოდა.

თუმცა ლიგის ხელმძღვანელობა არ აფასებდა აივერსონის რევოლუციურ ბუნებას - NBA-ის კომისიონერი დევიდ სტერნი ცდილობდა, ლიგა ფართო საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადა. ის მიიჩნევდა, რომ NBA პოზიტიურ იმიჯსა და პროფესიონალიზმთან უნდა ასოცირდებოდეს, აივერსონი კი იყო ქუჩის კულტურის ერთგვარი სიმბოლო ყველაფერში: ჩაცმულობით, ტატუებით და ქცევით - როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონფლიქტი სტერნსა და აივერსონს შორის NBA-ის კალათბურთელებისთვის 2005 წელს შემოღებულ ახალ დრესკოდს უკავშირდება. ეს კოდექსი კალათბურთელებისგან პარკეტს მიღმა უფრო პროფესიულად და ფორმალურად ჩაცმას მოითხოვდა, რაც, არაერთი ექსპერტის აზრით, მიმართული იყო სწორედ აივერსონის მსგავსი კალათბურთელების წინააღმდეგ, რომელთათვისაც ქუჩის მოდა მათი იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა. 

„სავარჯიშო დარბაზში სმოკინგით არასოდეს მივსულვარ. რატომ უნდა ჩავიცვა ის თამაშის დღეს?“ - პასუხობდა აივერსონი, და მოგვიანებით აივერსონის სტილი ლიგის თითქმის ყველა კალათბურთელმა გადაიღო. 

ალენ აივერსონი

მიუხედავად ამისა, აივერსონი იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მისი იგნორირება ან შეზღუდვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა 2000-2001 წლების სეზონში, რომელიც „სიქსერსის“ მცველის კარიერაში საუკეთესო გამოდგა.

ლარი ბრაუნის გუნდმა წინა სეზონშიც აჩვენა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს - ისინი კონფერენციის ნახევარფინალში „ინდიანამ“ გააჩერა. ზაფხულში ხელმძღვანელობამ შემადგენლობა გააძლიერა: „სიქსერს“ შეუერთდა დიკემბე მუტომბო. ტრანსფერი ლოგიკური იყო: დაცვა აივერსონის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, ამიტომ გარშემო მას კარგი დაცვითი უნარების მქონე კალათბურთელები სჭირდებოდა.

თუმცა ეს ყველაფერი უკვე დეტალებია: მაშინდელ „ფილადელფიას“ ჰყავდა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც ყველა იცნობდა და აღმერთებდა. აივერსონი პარკეტზე საშუალოდ 42 წუთს ატარებდა! „სიქსერსმა“ სეზონი ზედიზედ 10 გამარჯვებით დაიწყო, აივერსონი კი „ოლ სთარზე“ გაემგზავრა, სადაც MVP გახდა.

საბოლოო ჯამში, „ფილადელფიამ“ აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო, მთელი ლიგის მასშტაბით კი მეორე შედეგი აჩვენა („სპურსის“ შემდეგ). რეგულარულ სეზონში აივერსონის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 31.1 ქულა, 4.6 შედეგიანი გადაცემა და 2.5 ჩაჭრა. ლიგის ხელმძღვანელობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - აივერსონი სეზონის MVP-დ დასახელდა. მისი გამარჯვება არანაირ ეჭვს არ იწვევდა: აივერსონმა 124-დან 93 ხმა მიიღო, აჯობა შაკილ ო’ნილსა და ტიმ დანკანს.

ამგვარად, „სიქსერსის“ ლიდერი ლიგის ისტორიაში ყველაზე დაბალი (183 სმ) და ყველაზე მსუბუქი (74 კგ) MVP გახდა. 

დაიწყო პლეიოფი, აივერსონი კი გაჩერებას არ აპირებდა. პირველ რაუნდში „ფილადელფიამ“ „ინდიანას“ გადაუხადა სამაგიერო (3:1), თუმცა წინ „სიქსერსს“ უფრო რთული გამოწვევები ელოდა. კონფერენციის ნახევარფინალში აივერსონს ვინს კარტერის „ტორონტო“ შეხვდა. პირველ მატჩში აივერსონმა 36 ქულა დააგროვა, მაგრამ 23 სროლა გააფუჭა, რაც „სიქსერს“ ძვირი დაუჯდა (93:96).

აივერსონი VS კარტერი 2001 წლის პლეიოფში

მეორე შეხვედრაში ინტრიგა ბოლო წამებამდე შენარჩუნდა, რაც დიდწილად აივერსონის ისტორიული 54 ქულის დამსახურებაა (პლეიოფში „ფილადელფიას“ ყველა დროის რეკორდი) და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. თუმცა თავისი ვარსკვლავი „ტორონტოსაც“ ჰყავდა: გაბრაზებულმა ვინს კარტერმა მესამე მატჩის პირველ ნახევარში რეკორდული 8 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 50 ქულით დაასრულა - „რეპტორსი“ 2:1 დაწინაურდა.

მეოთხე მატჩში ასევე „ქლაჩ“ დაპირისპირება ვიხილეთ, „ფილიმ“ კი ანგარიში გაათანაბრა. მეხუთე მატჩის წინ აივერსონს MVP-ს ჯილდო გადაეცა, რამაც მთელი გუნდი დამუხტა - „სიქსერსი“ წინ გავიდა, აივერსონმა კი მატჩი 52 ქულით დაასრულა.

 

კარტერი სერიის კანადაში დასრულებას არ დაუშვებდა და 39 ქულით „ტორონტო“ გადამწყვეტ მე-7 შეხვედრამდე მიიყვანა, სადაც მაყურებელმა ნამდვილი დრამა იხილა. გენიალური აივერსონის შეჩერებას პარკეტზე „ტორონტო“ მთელი შემადგენლობით ცდილობდა და აიძულებდა მას, სროლის ნაცვლად ბურთი თანაგუნდელებისთვის გადაეცა. თუმცა ამან ალენი ვერ შეაშინა - მან 16 ასისტი დააგროვა და მხოლოდ 21 ქულით შემოიფარგლა.

კავაი ლეონარდის ცნობილ სროლამდე 18 წლით ადრე კარტერს ჰქონდა შანსი, მეშვიდე მატჩი „ბაზერ ბითერით“ დაესრულებინა, თუმცა მისი გადამწყვეტი სროლა არაზუსტი იყო. „ფილადელფია“ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც რეი ალენის „მილუოკი“ ელოდებოდა. აქაც ყველაფერი მეშვიდე მატჩში გადაწყდა, სადაც 44-ქულიანი პერფორმანსით აივერსონმა „სიქსერსი“ სუპერფინალში გაიყვანა - იქ კი მათი მეტოქე შაკილ ო’ნილის და კობი ბრაიანტის დომინანტური „ლეიკერსი“ იყო. „ფილადელფიას“ მიერ მოგებული პირველი თამაში (აივერსონის 48 ქულით) უკვე გმირობის ტოლფასია. ის თავს ლიგის საუკეთესო კალათბურთელად თვლიდა და ამის სრული უფლება ჰქონდა.

ალენ აივერსონმა კარიერა უტიტულოდ დაასრულა. მას ხშირად ჰქონდა სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ალენი NBA-ის ცოცხალი ლეგენდაა და მას პატივს სცემს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ადრე აკრიტიკებდა.

ალენ აივერსონმა საკუთარ თავს არ უღალატა და უდიდეს ზეწოლას გაუძლო. სწორედ ამიტომ აფასებს მას მილიონობით გულშემატკივარი მთელ მსოფლიოში. 

აივერსონის საუკეთესო მომენტები 2000-2001 წლების სეზონიდან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯიმი ბატლერი - უსახლკარო ბიჭი, რომელიც NBA-ის ვარსკვლავი გახდა
ჯიმი ბატლერი - უსახლკარო ბიჭი, რომელიც NBA-ის ვარსკვლავი გახდა