Aa
Aa

"ერთგულების ბონუსი" - ბარსას მესის ვალი აქვს

ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ შორის იურიდიული ურთიერთობა ჯერ არ დასრულებულა. კატალონიურ გრანდს 34 წლის ვარსკვლავის მიმართ ფინანსური ვალდებულება აქვს.

გამოცემა El Espanol-ი, ამ თემასთან დაკავშირებით, სტატიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ბარსამ“ მესისთან გაფორმებულ ბოლო კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლის თანახმადაც, კლუბი მესის „ერთგულების ბონუსს“ გადაუხდიდა.

რა არის „ერთგულების ბონუსი“ და რამდენს შეადგენს

„ერთგულების ბონუსი“ „ბარსას“ მიერ მესისთან დადებულ ბოლო ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტია, რომლის მოკლე პერიფრაზიც ასეთია: კლუბი ლეოს მადლობას უხდის და უფასებს იმ ღვაწლს, რაც „ბლაუგრანას“ მიმართ მთელი კარიერის განმავლობაში გაიღო.

ხსენებული ბონუსის საერთო ღირებულება 72 მილიონი ევროა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მაშინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ მესის შეუთანხმდა, რომ თანხას ორ ნაწილად გადაუხდიდა - 2020 წლის ივნისში და 2021 წლის ივნისში.

პირობის თანახმად, გასული წლის ივნისში მესის თანხის ნაწილი - 24.5 მილიონი ევრო ჩაერიცხა, რასაც 2021 წლის თებერვალში კიდევ 8.5 მილიონი ევრო დაემატა. მოგეხსენებათ, ამის შემდეგ ბარტომეუმ პოსტი დატოვა და ლეოს ანგარიშზე ბონუსის დარჩენილი ნაწილი ჯერაც არ ასახულა. შესაბამისად, „ბლაუგრანას“ არგენტინელი სუპერვარსკვლავის ვალი აქვს - 39 მილიონი ევრო.

ფინანსური კრიზისი „ბარსელონაში“

პრეზიდენტ ბარტომეუს პერიოდში „ბარსელონაში“ სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყო, რასაც შემდეგ Covid-19-ის პანდემია დაემატა. ასე რომ, ჟოან ლაპორტას პრობლემებით სავსე ფინანსური სტრუქტურა დახვდა.

ხელმძღვანელობას ვალების გასტუმრებაზე ზრუნვა და მათი ნაწილის გადავადება უწევს. ასევე, კლუბში მომუშავე ადამიანებისა და ფეხბურთელების გარკვეულ ნაწილს ხელფასები გაუნახევრდა.

ამ ყველაფრის ფონზე, ძნელი სათქმელია, როდის დაფარავს „ბარსა“ მესისთან არსებულ ვალდებულებას. არგენტინელის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ჯერჯერობით სიტყვა არ დაუძრავთ და არც ისაა გამორიცხული, პრეზიდენტი ლაპორტა მესის ამ ვალის გადავადებაზე დალაპარაკებოდა. ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ მხარეებს შორის იურიდიული ტიპის ურთიერთობა გრძელდება და იმედია, ის იურიდიულ დავაში არ გადაიზრდება. მესისა და „ბარსელონას“ თანაცხოვრება ისედაც არასაკადრისი ფორმით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები