მნიშვნელოვანი 3 ქულა - ბათუმმა თელავს სტუმრად მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმის დინამო თელავს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა. მთავარმა არბიტრმა 8 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.
ანგარიში მე-6 წუთზე ბაშალეიშვილმა გახსნა და კახელები დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, პაულაუსკასმა წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში ბათუმი სრულ უპირატესობას დაეუფლა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ჭიაბრიშვილის შეგირდების აქტიურობამ შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო. წულუკიძის ეფექტური პასის შემდეგ, გამარჯვების მომტანი გოლი მოჰამედ ფოფანამ გაიტანა.
ცნობისთვის, 16 ტურის შემდეგ, აჭარული გუნდი Crystalbet ეროვნულ ლიგაში 27 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ იბერია 1999-ს 13 ქულით ჩამორჩება. თელავი კი 12 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.