ევრო 2028-ის ფორმატი ცნობილია | რა იცვლება საქართველოს ნაკრებისთვის
უეფას აღმასკომმა დაამტკიცა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფორმატი, რომლის მიხედვითაც მასპინძელ ქვეყნებს - ინგლისს, ირლანდიას, შოტლანდიასა და უელსს ფინალური ეტაპის საგზურები ავტომატურად არ მიენიჭებათ.
ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები შესარჩევ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას და სხვადასხვა ჯგუფში მოხვდებიან. უეფას წევრი ქვეყნები 12 ჯგუფში განაწილდებიან, ზოგი ჯგუფი 4-გუნდიანი, ზოგი კი 5-გუნდიანი იქნება. ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავა 12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი.
კიდევ ორი ადგილი დარეზერვებული იქნება ზემოხსენებულ 20 გუნდში ვერ მოხვედრილი საუკეთესო შედეგის მქონე მასპინძელი ქვეყნებისთვის.
- თუ მასპინძელი ქვეყნები ორივე დარეზერვებულ კვოტას გამოიყენებენ, მაშინ პლეიოფში 8 გუნდი 2 დარჩენილი საგზურისთვის იბრძოლებს.
- თუ მასპინძელი ქვეყნების კვოტით მხოლოდ 1 საგზური იქნება გამოყენებული, მაშინ 3 საგზურისთვის პლეიოფში 12 გუნდი იბრძოლებს.
- ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელთათვის დარეზერვებული 2 კვოტა გამოუყენებელი დარჩება, პლეიოფში 8 გუნდი ითამაშებს (ერთი მატჩი შინ, ერთი გასვლაზე), 4 წყვილის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.
რაც შეეხება პლეიოფის საგზურებს, ისინი განაწილდება დარჩენილ 4 მეორეადგილოსანსა და ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის (რომლებიც ევრო 2028-ზე პირდაპირი შესარჩევით ვერ მოხვდნენ).
შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი უნდა მოიგოს (რაც პლეიოფში თამაშის შანსს იძლევა), ან სტანდარტულ შესარჩევში ჯგუფში 1-ელ ან მე-2 ადგილზე გავიდეს.