„მხოლოდ მოგება - ფინალში სხვა შედეგზე არც გვინდა ვიფიქროთ“ - ინძაგი და ლაუტარო
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და თავისი გუნდის განვლილ გზას გაუსვა ხაზი.
„ბარსელონასთან ნახევარფინალები ყველას გახსოვთ, მაგრამ ბაიერნთან მეოთხედფინალებიც ძალიან რთული იყო. მიუნხენელები ფიზიკურად ძლიერები არიან და ორივე შეხვედრა საკმაოდ ინტენსიური იყო. მოგზაურობა, რომელიც ჩვენ გვქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველა ადამიანის შრომისა და თავგანწირვის შედეგია.
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ფინალი სიტისთან, რომელიც თანაბარ პირობებში, თანაბარ დონეზე ვითამაშეთ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც გუარდიოლას კოლექტივი იყო.
ასაკოვანი მოთამაშეები? არ მგონია ეს პრობლემა იყოს. გარკვეულ მომენტებში ასეთი ფეხბურთელები დიდ დახმარებას გიწევენ. მე გუნდში უპირველეს ყოვლისა შესანიშნავი კაცები მყავს, რომლებიც ყოველთვის მუხლჩაუხრელად შრომობენ და ცდილობენ გაუმჯობესდნენ, იყვნენ უფრო ჭკვიანები.
ახლა ფინალში გამარჯვება იქნება იმ ყველაფრის გვირგვინი, რაც 4 წლის წინ დავიწყეთ. გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს ეს სიხარული მივანიჭოთ“.
პარიზელებთან მოახლოებულ ფინალზე ლაუტარო მარტინესმაც ისაუბრა.
„როცა ბარსელონასთან პირველ შეხვედრაში ტრავმა მივიღე, მომდევნო ორი დღე ვტიროდი. ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, რომლის ატანაც არ შემეძლო. ჩემი გუნდისთვის და გუნდელებისთვის მოედანზე უნდა გავსულიყავი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს უნდა გამეკეთებინა.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნებაა, რომელიც უკვე ერთ ნაბიჯშია. მოგების გარდა სხვა სცენარზე არც კი მინდა ვიფიქრო“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ „ინტერის“ ფინალური მატჩი 31 მაისს მიუნხენში „ალიანს არენაზე“ გაიმართება. გუნდები აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.