პეტრიაშვილის დედა: „გენო ვალდებულია მთელი ქვეყნის სიყვარული დააფასოს
Aa
Aa

პეტრიაშვილის დედა: „გენო ვალდებულია მთელი ქვეყნის სიყვარული დააფასოს"

ტოკიოში დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა, რიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლით შეცვალა და საქართველოს დელეგაციას ისტორიული, მერვე მედალი მოუტანა.

125-კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი სპორტსმენი ახალგაზრდა ამერიკელ მოჭიდავესთან, გეიბლ დენ სტივსონთან, ბოლო წამების მიმდინარეობისას დამარცხდა (8-10).


ტოკიო 2020-ზე პეტრიაშვილის ასპარეზობას მოჭიდავის დედა, სოფო პეტრიაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ჩემო საყვარელო ხალხო, დიდი მადლობა ყველას გენოს გამხნევებისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის.

უამრავი წერილი მომწერეს ნაცნობებმაც და სრულიად უცხო ხალხმაც - გვამხნევებენ და მომავალში ოქროს ელოდებიან. უფლის ნებაა ყველაფერი, მადლობა უფალს ყველაფრისათვის.  გენო კი ვალდებულია მთელი ქვეყნის ეს დიდი სიყვარული დააფასოს და გაახაროს თავისი ერი!"

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 8 აგვისტოს დასრულდა.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ასპარეზობა 2 ოქროს  (ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე), 5 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია, გენო პეტრიაშვილი)  და 1 ბრინჯაოს  (ანტონ პლესნოი) მედლით დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი 30-ე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

XXXIII ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები