ლაშა გუჯეჯიანი: „რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ
Aa
Aa

ლაშა გუჯეჯიანი: „რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1 ოქროს (ლაშა ბექაური) და 3 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი) მედლით დაასრულა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

იაპონიის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.

ტოკიო 2020 ოფიციალურად დღეს დასრულდა. დღესვე, საქართველოს პირველი არხის ეთერში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი იმყოფებოდა, რომელმაც დასრულებული ოლიმპიური თამაშები შეაფასა და გარკვეულწილად, უკმაყოფილება გამოთქვა:

„მწვრთნელები, გუნდი და ფედერაცია ამ წარმატებისთვის ერთად ვემზადებოდით. ის შრომა და თავდადება, რომელიც ყველამ ერთად ჩავდეთ, დაგვიფასდა. რეალურად, იმ შედეგს მივაღწიეთ, რასაც ნამდვილად ჰქვია წარმატება, რადგან ასეთი რეკორდული შედეგი აქამდე არ გვქონია.

ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მედლების ეს რაოდენობა რეალური არ არის.  ქართულ ძიუდოს მეტი მედლის მოპოვება შეეძლო. 

ყველამ დამწყვიტა გული - მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი უმედლოდ დაგვრჩა, უმედლოდ დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი, ასეთი უგვირგვინო ჩემპიონი და ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ახალგაზრდული ენერგიით რასაც ეხება, ყველაფერს ანგრევს. გული მწყდება შავდათუაშვილის, მარგველაშვილისა და თუშიშვილის ფინალურ დაპირისპირებებზეც.

რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, არსებული შედეგი შთამბეჭდავია".

აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე იმართებოდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებებს ადგილობრივი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით ესწრებოდა, გამარჯვებულებმა კი მედლები საკუთარი ხელით ჩამოიკიდეს.

XXXIII ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები