ტოკიო 2020 დასრულდა - საქართველომ ისტორიული შედეგი აჩვენა
Aa
Aa

ტოკიო 2020 დასრულდა - საქართველომ ისტორიული შედეგი აჩვენა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დასრულდა.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ასპარეზობა 2 ოქროს  (ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე), 5 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია, გენო პეტრიაშვილი)  და 1 ბრინჯაოს  (ანტონ პლესნოი) მედლით დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი 30-ე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

23 ივლისს, ტოკიო 2020-ის გახსნაზე,  საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები ოლიმპიური ჩემპიონები - ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იყვნენ, ხოლო დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, გოგიტა არქანია გახლდათ.

ფოტოამბავი - ტოკიო 2020 საზეიმოდ დაიხურა

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ასპარეზობები ტოკიოში 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. პანდემიის მიზეზით ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობა სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტმა სპორტსმენმა, მათ შორის, 11 სახეობაში 34-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. 

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

რეკორდები და ინციდენტი

როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ. მან ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გუშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო  (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

იაპონიის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.

აღსანიშნავია ისისც, რომ ნინო სალუქვაძისთვის ტოკიო 2020 მე-9 ოლიმპიური თამაშები იყო, რაც რეკორდია.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის სახელით შედგა. მან 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში ოქროს მედალი და ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა ქალთა 10 მეტრზე საჰაერო პისტოლეტით შეჯიბრში.

სამწუხაროდ, ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილეთ უსიამოვნო შემთხვევაც - საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრს, ბენიკ აბრამიანს ტოკიო 2020-ზე, ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გამოვიდა. სპორტსმენმა  დოპინგ-ტესტი ჩააგდო - მას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

მოგვიანებით, ინციდენტს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა და ითქვა, რომ აბრამიანის სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები მოგვიანებით განიხილავდნენ.

ტოკიო 2020

აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე იმართებოდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

იაპონიამ ოლიმპიადისთვის 5 000 მედალი 78 985 ტონა გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან შექმნა, რისთვისაც ციფრული კამერები, ლეპტოპები და 6 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გამოიყენა.

ღონისძიებებს ადგილობრივი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით ესწრებოდა, გამარჯვებულებმა კი მედლები საკუთარი ხელით ჩამოიკიდეს.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ოქროს მედლის გარდა,  1 000 000 ლარით დაჯილდოვდა.

XXXIII ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს უმასპინძლებს.

ცხელი ამბები