„UFC მისით დაინტერესდა, რადგან ესპანეთიდანაა“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა
არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ წარმატებულ სერიაზე მყოფი მეტოქეების წინააღმდეგ არ უჩხუბია და მას ან ისლამ მახაჩევს უნდა დაუპირისპირდეს.
„ილია ძლიერი ბიჭია, ცდას არ აკლებს და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი სწრაფად გახდა. UFC მისით დაინტერესდა, რადგან ესპანეთიდანაა. ორგანიზაციას სურდა, ახალი აუდიტორია მოეზიდა. რუსეთიდან ბევრი ჩემპიონი გვყოლია და ყოველ ჯერზე UFC-ს ახალი ქვეყანა და ახალი ჩემპიონი სურს.
სწორედ ამიტომ, თოფურიას წინსვლაში ხელი შეუწყვეს. თორემ მოვსარ ევლოევი უკვე წლებია ჩხუბობს, გამარჯვებებით დაიღალა, მაგრამ ტოპ მეტოქეებს მაინც არ აძლევენ. ილიამ ოთხი-ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა და ტიტულისთვის აჩხუბეს.
ჩემი აზრით, თოფურიას არ ჰყოლია მეტოქე, რომელსაც წარმატებული სერია ჰქონდა. მან უნდა იჩხუბოს ჩემთან ან ისლამთან — მებრძოლებთან, რომლებიც ჭიდაობენ, კარიერის პიკში არიან და წარმატებული სერია აქვთ. ვოლკანოვსკის შეხვდა, რომელიც უკვე დანოკაუტებული და დანოკდაუნებული იყო და ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი. ჰოლოუეი კი მხოლოდ ფულისთვის ჩხუბობს. ვფიქრობ, თუ მე და ისლამს დაგვამარცხებს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გახდება.“
ცნობისთვის, ცარუკიანი მომდევნო ორთაბრძოლას 22 ნოემბერს გამართავს. არმანი დენ ჰუკერს დაუპირისპირდება, ხოლო ამავე ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიასაც ვიხილავთ.