„ჯერ მსუბუქი წონა უნდა გაასუფთაოს“ - სეხუდო ილიას გეგმას უწუნებს
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ილია თოფურიამ თავისი დივიზიონი უნდა გაასუფთაოს და შემდეგ გადავიდეს ქვესაშუალო წონაში. მსუბუქ წონაში არიან გეიჯი, პიმბლეტი და ცარუკიანი. თუ ილია ქვესაშუალოში ავა და ისლამ მახაჩევთან იჩხუბებს, ის ყველაფერს წყალში ჩაყრის.
ჩემს შემთხვევაში ასე იყო: დავამარცხე დემეტრიუს ჯონსონი, შემდეგ კი თი ჯეი დილაშოუ დავანოკაუტე. ამის შემდეგ ავედი ზედა წონაში და მოვუგე მარლონ მორაესს და დომინიკ კრუზს. აც მოვუგე. ამ ოთხიდან სამი მებრძოლი UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.
ვფიქრობ, თუ ილია მახაჩევს დაამარცხებს და მესამე ქამარსაც დაეუფლება, ამის შემდეგ ის კვლავ მსუბუქ წონაში დაბრუნდება. მოეწონება თუ არა ეს UFC-ის? მათ არ მოსწონთ, როდესაც მებრძოლები დივიზიონებს ასე იცვლიან - ეს ქვესაშუალო წონით დივიზიონს გააუფასურებს“.
ცნობისთვის, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. დენა უაითმა არ გამორიცხა, რომ „ელ მატადორმა“ შესაძლოა იანვარში იჩხუბოს, თუმცა რომელ წონაში და ვის წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ თავად თოფურიამ 2026 წლის ივნისში, თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ჩხუბი ისურვა, თუმცა ამისათვის ჯერ რუსმა მებრძოლმა 15 ნოემბერს ჯეკ დელა მადალენა უნდა დაამარცხოს და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდეს.