ელ კლასიკოს გამოტოვებს? - როგორია შენგელიას მდგომარეობა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელიც მიმდინარე სეზონიდან „ბარსელონას“ ღირსებას იცავს, შესაძლოა თავის კარიერაში პირველი „ელ კლასიკო“ გამოტოვოს.
ესპანეთის ჩემპიონატში, „მურსიასთან“ მატჩში შენგელიამ კოჭის ტრავმა მიიღო და, როგორც „ბარსას“ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველი კალათბურთელის პარკეტზე დაბრუნების ვადები რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.
7 ნოემბერს „ბარსელონა“ ევროლიგაზე ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო შენგელიას მონაწილეობა ამ მატჩში საეჭვოა.
კატალონიური გამოცემა Sport-ი წერს, რომ „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოან პენაროიას გადაწყვეტილებით, თოკო დღეს და ხვალ არ ივარჯიშებს და მისი მდგომაროება ხუთშაბათს, მატჩამდე ერთი დღით ადრე შეფასდება და თუ შენგელია ვარჯიშზე თავს ნორმალურად იგრძნობს, ის სამატჩო განაცხადში მოხვდება.
აქვე გეტყვით, რომ 9 ნოემბერს „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში „ჟირონას“ წინააღმდეგ კატალონიური დერბი ელოდება, ხოლო 12 და 14 ნოემბერს ევროლიგაზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს დაგეგმილი - „ბაიერნის“ და „ვირტუს ბოლონიას“ წინააღმდეგ.